პატარები

პატარები

Wednesday, November 25, 2015



* * *

ვისაც არ უყვარს მშობელი დედა
ის მის მაგიერ ვის შეიყვარებს?
ვისაც სძულს თავის სახლი და კარი
ვინღა გაუღებს სამოყვროდ კარებს?


აკაკი წერეთელი












* * *

თუ საფუძველი კარგია ძველი
წუნს როგორ დასდებს ხუროთმოძღვარი?
ეცდება კიდეც, რომ ზედ ააგოს
საშვილიშვილოდ წმიდა ტაძარი!

აკაკი წერეთელი










ცა ქუდად, მიწა ქალამნად
(ნაწყვეტი) 
არ იქნებოდა, შენს შვილებს
ერთხელაც არ ეფალავნათ,
მამულო, ციხედ გაშენეთ
და ჩვენ გედექით გალავნად.

ქვესკნელს ჩავსულვარ ვარძიად,
ცად ავვარდნილვარ ხერთვისად,
მეც მისვამს წყალი ალგეთის,
ხერკორძულისა მცხეთისა.

შოთა ნიშნიანიძე 








* * *

„კარგი ვარ“, იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
ცუდი არც თავის დედასა.

ხალხური

Monday, November 2, 2015


ხატის წინ

მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმიდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ჰფანტავს მისი ნათელი.

მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, თვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს

თვალუწვდომელი წყვდიადი.

მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული,
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.



რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემს შუა,
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.

სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი - ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.

ჩემი ხატია სამშობლო
სახატე - მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც, განა?

კი, მაგრამ მნათე არსად სჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა,
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!...
აკაკი წერეთელი




ჩემი ფიცი

მიყვარს მზე და მიყვარს მთვარე,
გული ლაღად მიცემს, -
ცას ღრუბლებს არ მივაკარებ,
მამა დავიფიცე!

მიყვარს ჩემი მთა და მდელო,
წინ მივდივარ მტკიცედ, -
თავს შევწირავ საქართველოს,
დედა დავიფიცე!

მორის ფოცხიშვილი








მელა და ქათამი

მელიამ უთხრა ქათამსო:
-რომ შეაბერდი მამალსო,
ამაღამ ჩემთან წამოდი,
თვალ-მარგალიტით აგავსო,
ქათამმა უთხრა: - მელაო,
სულ ერთი წუთით მაცალე,
გამოვაღვიძებ მურასო
და იმას ელაპარაკე,
თუ თავზე ქუდი გხურავსო.
ნოდარ დუმბაძე

Tuesday, October 27, 2015


მიტოვებული ყვავილი

ჩიტი - რაო, რას სწუხარ ყვავილო?

ყვავილი - მცხელა, ძალიან მცხელა!
სახლში ვარ გამოკეტილი,
აგარაკზეა ყველა.
უწყლოდ ჩამოვხმი, ვერ ხედავ,
რარიგად მიჭირს სუნთქვა. ჯერ შემოდგომა სად არის,

მე კი გავყვითლდი სულ მთლად...


ჩიტი - არ ყვარებიხარ შენს პატრონს,
რად მიგატოვა მარტო!

ყვავილი - კი, როგორ არა, ვუყვარდი,
თავს მევლებოდა ნატო;
წყალს ყოველ დილით მისხამდა,
მისუფთავებდა კაბას.
იმ დღეს კი სიხარულისგან გადავავიწდი ალბათ...
უფროსები რომ წავიდნენ,
ისიც თან გაჰყვა იმათ.

ჩიტი - სარკმელი მაინც გაეღო,
გაგაგრილებდა წვიმა, ახლა რას იზამ?!

ყვავილი - ვერაფერს.
მხოლოდ იმასღა ვნატრობ,
მანამდე მაინც მაცოცხლა,
ვიდრე ჩამოვა ნატო...

ჩიტი - ეხ, რა ვუთხარი, ყვავილო,
იმ შენს უგულო პატრონს!

გივი ჭიჭინაძე 

დავით გურამიშვილი
ღმერთს ვაქებდეთ!

ღმერთმან ქვეყნად რაც მოჰფინა, ყველა ჩვენთვის განაჩინა;
თვალ-მარგალიტ, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი თუ ქვა და რკინა;
ჭიაც ჩვენთვის ამუშაკა, ჭიჭნაური აპარკინა...
ვსტიროდეთ თუ ვიცინოდეთ; ვლექსობდეთ თუ ანუ ვზმიდეთ,
ღმერთს ვაქებდეთ, ღმერთს ვამკობდეთ, ღმერთს დიდებას შევასხმიდეთ
ღმერთს მივცემდეთ მადლობასა, პურს ვსჭამდეთ თუ წყალსა ვსმიდეთ!

დავით გურამიშვილი

ქრისტეშობა

აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი „სჯულის ცნობისა“,
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!

გაჰკვირდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება...
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.

ჰფიქრობდნენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვნენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდნენ ქებად-ქებასა.





გაჩერდა ბეთლემს მნათობი,
ქვაბზე სხივები დაჰფინა,
სთქვეს მოგზაურთა: „აქ არის
ახალშობილის ჩანს, ბინა!“

შევიდნენ ნახეს მწოლარე
ბაგაში საკვირველი ყრმა;
ნაცვლად „მზე შინას“ ისმოდა
ანგელოზთ საამური ხმა!

ხედავენ ღარიბ სახვევში...
არსად სჩანს ჭოჭინ-აკვანი!..
დაემხვნენ მის წინ მორჩილად,
სასოებით სცეს თაყვანი.

ოქრო, გუნდრუკი და მური
შესწირეს ახალშობილსა,
და უგალობდნენ სიმდაბლით
საგალობელსა წყობილსა.

„დიდება ყოვლის შემოქმედს!
დიდება მისსა მცნებასა!
დიდება ქვეყნად მაცხოვრის
ხორციელ მოვლინებასა!..“
აკაკი წერეთელი

Tuesday, October 20, 2015


ილოცე ბავშვო!

ილოცე ბავშვო, მაღლით ყურს გიგდებს
ცისა და ქვეყნის გამჩენი ღმერთი.
წვეთ-წვეთად ითვლის შენს წმიდა ცრემლებს,
არ დაგეკარგვის მასთან არც ერთი.
თან შეეზარდე მაგ ღვთის ვედრებას,
რომ დიდხანს გაგყვეს უმანკოება
და სიბერეშიც ისე ვარდისფრად
გეხატებოდეს ქვეყნიერება.

აკაკი წერეთელი








ბინული*

ვნახე ბინული, როგორც ყინული
ცივი და წმიდა, მუდამ ანკარა,
ვინც კი მივიდა იქ უწმიდური,
არცერთი ახლო არ გაიკარა.

და თუ ეწვია სუფთა ყვავილი,
ფოთოლთ სანამად, ტურფა ველისა,
წინ მიეგება და მოინდომა
ზედ გადაჭდობა ბროლის ყელისა.



გრილია პირად, თბილი კი გულით
გინდ ცივ ზამთარში, გინდ ცივ ზაფხულში;
იმ წმიდა ბინულს გამსგავსებ, ბალღო,
და ყვავილივით მიზიხარ გულში.

ვნახე ბინული გადმოჩქეფილი
კლდის წიაღიდან ლურჯი, ანკარა...
იმ ბინულივით იყავი წმიდა,
მთელ სიცოცხლეში, ჩემო პატარა.
შიო მღვიმელი

(*ბინული - ნიშნავს წყაროს)








პატარებს - ანგელოზებს

თქვე ერთმანეთზე კარგებო,
სხივებით დასაქარგებო,
ყოველთვის გულთან სამყოფნო,
ერისმტრებდასაკარგებო.

დაეზარდენით მამულსა
იმედის ფრთების ფათქუნით,
ჯერ გწამდეთ უფლის დიდება, -
და მერე ენა ქართული.

მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)










მამალი

როცა ავად ვიყავი
ვსვი და ვყლაპე წამალი,
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა: - რა ვქნათო?
ბებიამ თქვა: - სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო. –
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ, სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.
ნოდარ დუმბაძე








აფხაზეთი

აფხაზეთზე
ამ კაცს თვალი უჭირავს -
ეს კაცია,
ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი:
-ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
 -აფხაზეთი ჩემი!
როსმე „არგო“
(სხვა ხომალდი გუშინამც!)
მოაპობდა
ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი:
-მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
-აფხაზეთი ჩემი!
ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის
ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი:
-ოჰ, უწინამც, უწინამც!
და მე ვმღერი:
აფხაზეთი ჩემი!
მურმან ლებანიძე










მამულო

მამულო, შენთვის მოვკვდები,
შენთვის ჩავიცვამ შავსაო,
შენ შემოგწირავ სიცოცხლეს,
შემოგევლები თავსაო.
ხალხური












ვახტანგის ხმალი

ხმალმა თქვა ვახტანგისამა:
ბევრი მინახავს ომია,
ათასი შუბი და ხმალი
ბევრჯერ პირისპირ მდგომია,
მაგრამ არცერთხელ ჩემს პატრონს
უკან არ დაუხევია:
დაუკრავს რკინის პერანგი
გაუკვეთ-გაუხევია.
ხალხური















მცხეთა
(ნაწყვეტი)

თუ ყველაფერი არის სიზმარი,
თუ ბინდისფერი არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?

რატომ ელვარებს უძველეს ქვაში
სამთავროს სვეტი მცირე და დიდი,
ან ზედ ქალაქთან შეგუბულ მტკვარში,
რატომ ჩანს ისევ პომპეის ხიდი?!




მე დაგანახებ არმაზის მხარეს,
კედლებს, ნანგრევებს, ძველ ნაქალაქევს,
სადაც არმაზის უძველეს მთავრებს
სძინავთ ჩვენს ძველთა ძვალშესალაგებს.

და გაგახსენებ იმ დღეებს, როცა
მცხეთას ზღაპრული გახსნეს თაღები
და ჩვენს წინ როგორც მეორედ მოსვლა,
აღსდგნენ არმაზის სარკოფაგები.

ჩვენ გაოცებით დავსცქერით განძებს,
აკლდამის ქვებში მარჯვედ ჩასმულებს,
საოცარ თვლებით მოჭედილ თასებს,
საოცარ თვლებით ნაჭედ სასმურებს.

არა არ გაგყვეს, არ გაგყვეს დარდი,
თუ ბინდისფერი არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?
ირაკლი აბაშიძე








წმიდა დიდმოწამე გიორგი
ზემო ალვანის ეკლესია
წმიდა გიორგისადმი

წმიდა გიორგი ჰფარვიდე
კეთილსა ქვეყანასაო,
გულდაწყლულებულს ჰკურნავდე,
თვალს აუხელდე ბრმასაო,
დააჯერებდე მოკვდავთა -
მთაზე შეადგამ მთასაო,
ვინც ვერა იცნას კეთილი
დააბრალებდეს თავსაო.
სიკეთის ზღვაში კეთილად
დააცურებდე ნავსაო,
ჭეშმარიტება მაღალი
გაგვინათებდეს გზასაო,
წმიდა გიორგი ჰფარვიდე
ქართველთა ქვეყანასაო.

მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)