ილოცე ბავშვო!
ილოცე ბავშვო,
მაღლით ყურს გიგდებს
ცისა და ქვეყნის
გამჩენი ღმერთი.
წვეთ-წვეთად ითვლის
შენს წმიდა ცრემლებს,
არ დაგეკარგვის
მასთან არც ერთი.
თან შეეზარდე
მაგ ღვთის ვედრებას,
რომ დიდხანს გაგყვეს
უმანკოება
და სიბერეშიც
ისე ვარდისფრად
გეხატებოდეს ქვეყნიერება.
აკაკი წერეთელი
ბინული*
ვნახე ბინული,
როგორც ყინული
ცივი და წმიდა,
მუდამ ანკარა,
ვინც კი მივიდა
იქ უწმიდური,
არცერთი ახლო
არ გაიკარა.
და თუ ეწვია სუფთა
ყვავილი,
ფოთოლთ სანამად,
ტურფა ველისა,
წინ მიეგება და
მოინდომა
ზედ გადაჭდობა
ბროლის ყელისა.
გრილია პირად,
თბილი კი გულით
გინდ ცივ ზამთარში,
გინდ ცივ ზაფხულში;
იმ წმიდა ბინულს
გამსგავსებ, ბალღო,
და ყვავილივით
მიზიხარ გულში.
ვნახე ბინული
გადმოჩქეფილი
კლდის წიაღიდან
ლურჯი, ანკარა...
იმ ბინულივით
იყავი წმიდა,
მთელ სიცოცხლეში,
ჩემო პატარა.
შიო მღვიმელი
(*ბინული - ნიშნავს
წყაროს)
პატარებს - ანგელოზებს
თქვე ერთმანეთზე
კარგებო,
სხივებით დასაქარგებო,
ყოველთვის გულთან
სამყოფნო,
ერისმტრებდასაკარგებო.
დაეზარდენით მამულსა
იმედის ფრთების
ფათქუნით,
ჯერ გწამდეთ უფლის
დიდება, -
და მერე ენა ქართული.
მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)
მამალი
როცა ავად ვიყავი
ვსვი და ვყლაპე
წამალი,
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა:
- რა ვქნათო?
ბებიამ თქვა:
- სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო.
–
ჰოდა, ეს რომ
გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა
მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ, სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.
ნოდარ დუმბაძე
აფხაზეთი
აფხაზეთზე
ამ კაცს თვალი
უჭირავს -
ეს კაცია,
ალბათ, თურქის
თემის...
და მე ვყვირი:
-ჩემს სისხლს
დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
-აფხაზეთი ჩემი!
როსმე „არგო“
(სხვა ხომალდი
გუშინამც!)
მოაპობდა
ზვირთებს ნიჩბის
ცემით...
და მე ვყვირი:
-მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
-აფხაზეთი ჩემი!
ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის
ზედ მიემსხვრა
გემი...
და მე ვყვირი:
-ოჰ, უწინამც,
უწინამც!
და მე ვმღერი:
აფხაზეთი ჩემი!
მურმან ლებანიძე
მამულო
მამულო, შენთვის
მოვკვდები,
შენთვის ჩავიცვამ
შავსაო,
შენ შემოგწირავ
სიცოცხლეს,
შემოგევლები თავსაო.
ხალხური
ვახტანგის ხმალი
ხმალმა თქვა ვახტანგისამა:
ბევრი მინახავს
ომია,
ათასი შუბი და
ხმალი
ბევრჯერ პირისპირ
მდგომია,
მაგრამ არცერთხელ
ჩემს პატრონს
უკან არ დაუხევია:
დაუკრავს რკინის
პერანგი
გაუკვეთ-გაუხევია.
ხალხური
მცხეთა
(ნაწყვეტი)
თუ ყველაფერი
არის სიზმარი,
თუ ბინდისფერი
არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას
დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ
სვეტიცხოველი?
რატომ ელვარებს
უძველეს ქვაში
სამთავროს სვეტი
მცირე და დიდი,
ან ზედ ქალაქთან
შეგუბულ მტკვარში,
რატომ ჩანს ისევ
პომპეის ხიდი?!
მე დაგანახებ
არმაზის მხარეს,
კედლებს, ნანგრევებს,
ძველ ნაქალაქევს,
სადაც არმაზის
უძველეს მთავრებს
სძინავთ ჩვენს
ძველთა ძვალშესალაგებს.
და გაგახსენებ
იმ დღეებს, როცა
მცხეთას ზღაპრული
გახსნეს თაღები
და ჩვენს წინ
როგორც მეორედ მოსვლა,
აღსდგნენ არმაზის
სარკოფაგები.
ჩვენ გაოცებით
დავსცქერით განძებს,
აკლდამის ქვებში
მარჯვედ ჩასმულებს,
საოცარ თვლებით
მოჭედილ თასებს,
საოცარ თვლებით
ნაჭედ სასმურებს.
არა არ გაგყვეს,
არ გაგყვეს დარდი,
თუ ბინდისფერი
არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას
დღეს მცხეთის ჯვარი
რატომ დგას ისევ
სვეტიცხოველი?
ირაკლი აბაშიძე
წმიდა დიდმოწამე გიორგი ზემო ალვანის ეკლესია |
წმიდა გიორგისადმი
წმიდა გიორგი
ჰფარვიდე
კეთილსა ქვეყანასაო,
გულდაწყლულებულს
ჰკურნავდე,
თვალს აუხელდე
ბრმასაო,
დააჯერებდე მოკვდავთა
-
მთაზე შეადგამ
მთასაო,
ვინც ვერა იცნას
კეთილი
დააბრალებდეს
თავსაო.
სიკეთის ზღვაში
კეთილად
დააცურებდე ნავსაო,
ჭეშმარიტება მაღალი
გაგვინათებდეს
გზასაო,
წმიდა გიორგი
ჰფარვიდე
ქართველთა ქვეყანასაო.
მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)
No comments:
Post a Comment