მიტოვებული ყვავილი
ჩიტი - რაო, რას სწუხარ ყვავილო?
ყვავილი - მცხელა, ძალიან მცხელა!
სახლში ვარ გამოკეტილი,
აგარაკზეა ყველა.
უწყლოდ ჩამოვხმი,
ვერ ხედავ,
რარიგად მიჭირს
სუნთქვა. ჯერ შემოდგომა სად არის,
მე კი გავყვითლდი
სულ მთლად...
ჩიტი - არ ყვარებიხარ შენს პატრონს,
რად მიგატოვა
მარტო!
ყვავილი - კი, როგორ არა, ვუყვარდი,
თავს მევლებოდა
ნატო;
წყალს ყოველ დილით
მისხამდა,
მისუფთავებდა
კაბას.
იმ დღეს კი სიხარულისგან
გადავავიწდი ალბათ...
უფროსები რომ
წავიდნენ,
ისიც თან გაჰყვა
იმათ.
ჩიტი - სარკმელი მაინც გაეღო,
გაგაგრილებდა
წვიმა, ახლა რას იზამ?!
ყვავილი - ვერაფერს.
მხოლოდ იმასღა
ვნატრობ,
მანამდე მაინც
მაცოცხლა,
ვიდრე ჩამოვა
ნატო...
ჩიტი - ეხ, რა ვუთხარი, ყვავილო,
იმ შენს უგულო
პატრონს!
გივი ჭიჭინაძე
No comments:
Post a Comment