პატარები

პატარები

Tuesday, October 27, 2015


ქრისტეშობა

აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი „სჯულის ცნობისა“,
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!

გაჰკვირდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება...
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.

ჰფიქრობდნენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვნენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდნენ ქებად-ქებასა.





გაჩერდა ბეთლემს მნათობი,
ქვაბზე სხივები დაჰფინა,
სთქვეს მოგზაურთა: „აქ არის
ახალშობილის ჩანს, ბინა!“

შევიდნენ ნახეს მწოლარე
ბაგაში საკვირველი ყრმა;
ნაცვლად „მზე შინას“ ისმოდა
ანგელოზთ საამური ხმა!

ხედავენ ღარიბ სახვევში...
არსად სჩანს ჭოჭინ-აკვანი!..
დაემხვნენ მის წინ მორჩილად,
სასოებით სცეს თაყვანი.

ოქრო, გუნდრუკი და მური
შესწირეს ახალშობილსა,
და უგალობდნენ სიმდაბლით
საგალობელსა წყობილსა.

„დიდება ყოვლის შემოქმედს!
დიდება მისსა მცნებასა!
დიდება ქვეყნად მაცხოვრის
ხორციელ მოვლინებასა!..“
აკაკი წერეთელი

No comments:

Post a Comment